18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ევროპა ჩაიკეტა, ჩინეთში კი კარანტინი უქმდება - რა შედეგები მოუტანა COVID 19-მა მსოფლიოს

ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი, მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის, 398 000-ზე მეტია. ვირუსის გამო გარდაიცვალა 17 400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულებიდან 103 300-ზე მეტმა ვირუსი დაამარცხა.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა პანდემიას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და კარანტინის რეჟიმით ებრძვის. ვრცელდება კადრები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებიდან, სადაც ადამიანების ნაცვლად, ქუჩაში ცხოველები გამოჩნდნენ - ირმები და მაიმუნები, რომლებიც ზოოპარკიდან გამოიქცნენ, რადგან ზოოლოგიური პარკების თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაშია.

იტალიაში ვირუსი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების აღრიცხვას ვეღარ ასწრებენ. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს დირექტორმა დღეს ერთ-ერთ გამოცემას უთხრა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, რეალურად, 10-ჯერ მეტია. 

იტალიის შემდეგ ევროპაში ვირუსის გავრცელების კუთხით, ყველაზე საშიში ადგილი ესპანეთია. ქვეყანაში 2 696 ადამიანია დაღუპული. სპეციალისტები შემთხვევების მატებას ელოდებიან, ამიტომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მადრიდის ყინულის სასახლე, სადაც ბავშვები ციგურებზე სრიალებდნენ, დროებით მორგად გადაკეთდება. ყინულის სასახლეში პირველად იმ 17 მოხუცის ცხედარი გადაასვენეს, რომლებიც სამხედროებმა მიტოვებულ თავშესაფრებში აღმოაჩინეს. პენსიონერების ნაწილი საწოლში იყო დაღუპული. გამოძიებას აქვს ვერსია, რომ პერსონალმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო, თავშესაფარი დატოვა და უმწეო მოხუცები მიატოვა. საქმეს პროკურატურა იძიებს. პარალელურად, იმ თავშესაფრებში, რომლებიც ფუნქციონირებს, პაციენტებიც გადაჰყავთ.

ბრიტანეთში ახალი წესები ამოქმედდა - იკრძალება 2 ადამიანზე მეტის ერთად ყოფნა, სახლებიდან გამოსვლა კი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია ნებადართული. ბრიტანეთში დაღუპულია 350, ხოლო ინფიცირებულია 6 650 ადამიანი.

ვირუსი არ დაუდასტურდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. კანცლერს კიდევ ერთი ტესტს ჩაუტარებენ. გერმანიასა და საფრანგეთში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. გერმანიაში ინფიცირებულია 31 370 ადამიანი, ხოლო დაიღუპა - 132. საფრანგეთში ინფიცირებულია 19 856, ხოლო დაღუპული კი 860 ადამიანია. COVID 19-მა აფროჯაზის ცნობილი შემსრულებელი მანუ დიბანგო იმსხვერპლა. მუსიკოსი 86 წლის იყო.

დაღუპული და ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოებიც. 24 საათიანი რეჟიმისა  და აუცილებელი ეკიპირების გამო ექიმებს ნიღბებისა და სათვალეებისგან სახე და ხელები დაზიანებული აქვთ.

მსოფლიოში კორონავირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა პანამაში დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 376 ადამიანი, დაღუპულია 3 პირი.

დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ბრაზილიაშიც, სადაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ფეხბურთის სტადიონები საველე ჰოსპიტლებად გადაკეთდება. ცნობილი ხდება, რომ ვირუსმა უკვე ავღანეთში, სამხედრო ნაწილში შეაღწია. ერთ-ერთ ბაზაზე, სადაც ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამხედროები არიან დისლოცირებულები, COVID 19 დადასტურდა. 4 ჯარისკაცი კარანტინშია. ალიანსი არ ავრცელებს დეტალებს, რომელ ბაზაზე და რომელი ქვეყნის სამხედრო ნაწილზეა საუბარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ტერიტორია, სადაც ქართველი სამხედროები არ იმყოფებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ რეგულაციებზე გადასვლას და ეკონომიკის ამუშავებას აანონსებს. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს ერთი დეტალი მოხვდა - ბრიფინგზე ტრამპის გვერდით მდგარმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ აქვს ტემპერატურა, მაგრამ ვირუსი არ დაუდასტურდა, რა დროსაც პრეზიდენტი მოულოდნელად გვერდით გაიწია.

"დარჩი სახლში" - ეს გზავნილი დღეს ყველაზე ხშირად ისმის. კამპანიას ცნობილი ამერიკელი მსახიობები უერთდებიან.

კორონავირუსის გამო გადაიდო ოლიმპიადა. 2020 წლის ზაფხულში ტოკიოში ოლიმპიური თამაშები აღარ გაიმართება. ვადამ ერთი წლით გადაიწია. ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სხვადასხვა ქვეყნის განცხადებები, რომლებმაც საფრთხის გამო უარი თქვეს თამაშებში მონაწილეობაზე.

ამასობაში, ჩინეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. 8 აპრილიდან კარანტინის რეჟიმი უქმდება. თითქმის 2 თვიანი იზოლაციის შემდეგ, ვიზიტორებისთვის გაიხსნა ჩინეთის დიდი კედელი. მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად იხსნება საჯარო დაწესებულებები, კერძო კომპანიები, კინოთეატრები.

დღეს მედიკოსებმა პირველად გააკეთეს განცხადება, რომ კორონავირუსი მუცლადყოფნის პერიოდში დედიდან ნაყოფზე, სავარაუდოდ, არ გადადის. პლაცენტით ინფიცირება არ ხდება. ამის მიზეზი ის 2 შემთხვევა გახდა, რომელიც საბერძნეთში დაფიქსირდა. ათენის სამშობიაროში დღეს ინფიცირებულმა დედამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ჩვილი თავს კარგად გრძნობს, დედას კი წინ ჯერ მკურნალობის კურსი, შემდეგ  2 კვირიანი კარანტინი აქვს.

დღის ამბები