18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველო და მსოფლიო ორ ფრონტზე - ფრონტის მეორე მხარეს ეკონომისტები არიან

ვიდრე მედიკოსები კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან, ფრონტის მეორე ხაზზე ეკონომისტები აღმოჩნდნენ.

იმის გამო, რომ მუშაობა ყველა სფეროში პარალიზებულია, დღის წესრიგში ანტიკრიზისული გეგმა დადგა. ხელისუფლება დოკუმენტზე ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური დახმარება გამოიყოფა. რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორ უნდა გაუძლოს ქვეყნის ეკონომიკამ კრიზისს - ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს. "ევროპულმა საქართველომ" შეიმუშავა გეგმა, რომლის ღირებულებაც 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. პარტიაში ამბობენ, რომ უნდა შეჩერდეს საპენსიო ფონდში დასაქმებულების შენატანი და თანხა, რომელიც დაგროვებულია, დასაქმებულებსა და ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს. საუბარია გადასახადების გაუქმებაზეც.

საკუთარი გეგმა აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში." პარტიაში ამბობენ, რომ სამთავრობო ხარჯების შემცირებით შესაძლებელი იქნება 4 თვის განმავლობაში ყველა ოჯახისათვის 100 ლარიანი ენერგოვაუჩერის გადაცემა.

დღეს ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა პარტია "ახალმა საქართველომ." გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისი სტრატეგიის გათვალისწინების შემთხვევაში, კარანტინის მოხსნა 12 აპრილისთვის შესაძლებელი იქნება. გეგმა ორი ნაწილისგან შედგება.

ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს "ლელოც." პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია სახელმწიფომ 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი შექმნას. ეროვნულმა ბანკმა კი, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ლარის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი დააწესოს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანაში სტაბილურ გარემოს შექმნის.

რამდენად მძიმე იქნება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, დამოკიდებულია იმაზე თუ როდემდე გაგრძელდება მსოფლიოში პანდემია.

ამ დროისათვის, საქართველოში ობიექტების უმრავლესობა დაკეტილია. გაჩერებულია ბიზნესის თითქმის ყველა სფერო. პანდემიის გამო მუშაობა არ შეუწყვეტიათ სამშენებლო კომპანიებსა და სასურსათო წარმოებებს.

დღის ამბები