18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ეპიდვითარება საქართველოში - როგორია COVID-19-ის ქრონიკა ქვეყანაში პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადება ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა. შუა ხნის მამაკაცი საკარანტინე ზონაში საზღვრიდანვე გადაიყვანეს. ამავე დღეს შეწყდა ყველა სახის მიმოსვლა საქართველო-ირანს შორის.  

საქართველოში კორონავირუსის მე-2 შემთხვევა დადასტურდა და გაჩნდა პირველი იტალიური კლასტერი. პაციენტის საკონტაქტო წრე გადაიყვანეს კარანტინში. რამდენიმე დღეში საგანგებოდ შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგი იყო უმაღლესი სასწავლებლები და გაჩნდა მთავარი მოწოდება - დარჩით სახლში.

ერთი კვირის თავზე გაჩნდა კიდევ ერთი იტალიური კლასტერი. ვირუსი იტალიის ჩრდილოეთიში მოგზაურობიდან ჩამოსულ 6 ადამიანს აღმოაჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ ამ კლასტერიდან მოხდა. 5 მარტისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 9 იყო. რამდენიმე დღეში მთავრობამ იტალიასთან ფრენების შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყევტილება, იმ დროისთვის უკვე აკრძალული იყო ფრენა ჩინეთიდან და ირანიდან.

13 მარტს ქვეყანაში შეიქმნა რამდენიმე საკარანტინე ზონა, რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეები თბილისში, საჩხერეში, ბაკურიანში, ბათუმსა და წყალტუბოში გადაანაწილეს.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს.

ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობამ საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვით გადაუვადა. პარალელურად, ბანკებმა მომხმარებლებს სესხების ყოველთვიური პირობების გადავადება შესთავაზეს.

პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია საზოგადოებამ ქვეყანაში დაავადების ოფიციალური დადასტურებიდან 18 დღეში მოისმინა. ის ინფექციური კლინიკიდან თვითიზოლაციაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მომდევნო დღეებში იზრდებოდა, მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა და კლასტერების რაოდენობამაც, ამიტომ მთავრობამ შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო. 

გავრცელების ეტაპზე გადასვლის პარალელურად, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა სამარშუტო ტაქსების გადაადგილება, 18 მარტიდანვე დაიხურა ფიტნეს დარბაზები და სპა-ცენტრები. ამ დროისთვის უკვე ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია. გაუფასურება დაიწყო ლარმაც.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 44-მდე გაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, დაიკეტა ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრები, ქვეყანაში შემოსვლა ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა დაშვებული.

გვიან ღამით მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. მიზეზი ვირუსის, სავარაუდოდ, უკონტროლო გავრცელება გახდა. ინფექცია აღმოაჩნდა ქალს რომელსაც ვირუსის დადასტურებამდე ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

წითელ ზონიდან გასასვლელი ყველა მთავარი და მეორეხარისხოვანი გზა ჩაიკეტა. საპატრულო პოლიცია და ჯარი მდგომარეობას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს, მუშაობაში ჩართულია საჰაერო კამერები. მუშაობს საველე ჰოსპიტალი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 70 და გამოჯანმრთელებული 9 პაციენტია. კარანტინში მოთავსებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში შეწყდა საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მატარებლების მოძრაობა.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რჩება ერთი საკარანტინე ზონა. 

დღის ამბები