18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში ყოველდღე იზრდება - ოფიციალური მოსკოვი ხვალიდან საზღვრებს კეტავს

ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში ისევ მატულობს.

ყველაზე რთული ვითარება ფატალური შემთხვევების კუთხით ესპანეთსა და იტალიაშია. 

როგორ გადაადგილდება სიცილიის ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობა და იცავენ თუ არა ადგილობრივები უსაფღთოების დადგენილ წესებს - პროცესს იტალიის ფინანსური პოლიცია ვერტმფრენიდან აკვირდება. ქვეყანაში, რომელიც თითქმის 20 დღეა კარანტინში ცხოვრობს, კორონავირუსმა 10 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ზომების გამკაცრების მიუხედავად, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 92 ათასს აჭარბებს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ესპანეთისთვის. ქვეყანაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ესპანეთში 838 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 6,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთის მთავრობა ვირუსთან ბრძოლას კარანტინის წესების გამკაცრებით ცდილობს.

15 აპრილამდე გახანგრძლივდა საყოველთაო კარანტინი საფრანგეთში, სადაც "კოვიდ 19"-ით 2,314 გარდაცვლილი და 37 ათასზე მეტი ინფიცირებულია. 10 ათასს აჭარბებს კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ნიდერლანდებში.

გარდაცვალების შემთხვევები იზრდება დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. "კოვიდ19"-ის პირველი მსხვერპლი ჰყავს ახალ ზელანდიასა და შრი-ლანკას. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს ქვეყნების უმრავლესობა. ახალ შეზღუდვებს აწესებს კანადაც, სადაც ამ დროისთვის 5,600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილ 2,200-ზე მეტ პაციენტს შორის რამდენიმე თვის ჩვილიცაა. მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ყველაზე ცხელ სამ შტატში - ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტში კარანტინს არ აცხადებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა. ამ საკითხზე ვრცელ ინტერვიუს პრეზიდენტი მოგვიანებით გააკეთებს. კარანტინი არ გამოცხადდა, თუმცა დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სამივე შტატის მოსახლეობას მომავალი 14 დღის განმავლობაში შიდა გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ნიუ-იორკის მერი სპეციალურ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე საათში კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ამ დროის მონაცემებით, სომხეთში "კოვიდ19"-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ვირუსი კი დამატებით 17 ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 424-ს მიაღწია. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილია - 108, აზერბაიჯანში კი ვირუსმა 4 ადამიანი იმსხვერპლა.

ფატალური შემთხვევები გაზრდილია რუსეთშიც. ქვეყანაში კორონავირუსს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1,500-სს გადააჭარბა. რუსეთის პატრიარქი კირილი მრევლს ტაძრებში სიარულისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვი ხვალიდან საზღვრებს კეტავს.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოზიტიური ტენდენციაა - ჩინეთია. იქ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან, ერთის გარდა, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ხუბეის პროვინციაში, საიდანაც ახალი ვირუსი პირველად გავრცელდა, უკვე განახლდა საჰაერო მიმოსვლა, გამონაკლისს მხოლოდ უხანის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს. უხანში ამ დროისთვის აღდგენილია სარკინიგზო მიმოსვლა, ქალაქში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც.

დღის ამბები