პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა მარნეულის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
თამაზ ნავერიანის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მარნეულს პროდუქტების დეფიციტი არ ემუქრება.
"მუშაობს ის სტრუქტურები, რომელიც აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს ხალხთან. ძალიან კარგად და კოორდინირებულად მიმდინარეობს სურსათის და კვების პროდუქტების მომარაგება. იმ შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომელიც გვყავს მარნეულში. პროცესი არ გაგვქცევია და სრულ კონტროლს ექვემდებარება მარნეულის მუნიციპალიტეტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში," - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ორივე მუნიციპალიტეტში 115 ათასზე მეტი ადამიანია შემოწმებული. 12 ადამიანს საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, 7 მათგანის შემთხვევაში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, დანარჩენი 5-ის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.