მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება, ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა უკონტროლოა.
"კოვიდ 19"-ის შემთხვევების რაოდენობით ისევ ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ვირუსი 142 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირების მზარდი დინამიკის გამო პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.
უპრეცენდენტო კარანტინის ფონზე მოსახლეობას პატიებას სთხოვს ინდოეთის პრემიერი. ქვეყანაში მიღებული მკაცრი ზომების გამო შესაძლოა ღარიბი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს. ინდოეთში კორონავირუსის 1071 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს. თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა, აქ ვირუსს 131 ადამიანი ემსხვერპლა. "კოვიდ 19"-ით რუსეთში 9, აზერბაიჯანში 4, სომხეთში კი 3 ადამიანი დაიღუპა. სომხეთში ინფიცირებულთა შორის არიან სამხედროები და მედიკოსებიც. კარანტინი მოქმედებს მოსკოვში. დღეიდან რუსეთში მიმდინარე ერთი კვირა უქმედ გამოცხადდა.
ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირების კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ჩინეთია. ქვეყნა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 შიდა გადაცემის შემთხვევა იყო. ჩინეთში სიცხიანი ადამიანების ამოსაცნობად ჭკვიანი სათვალეების გამოყენებაც დაიწყეს.
კარანტინში გადაიყვანეს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩევლები. იზოლაციის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსმა ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი, ბენდ "ეროუზ"-ის სოლისტი ალან მერილი იმსხვერპლა.