14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
შეხვდა თუ არა ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს და რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე - გიორგი კაპანაძე ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს.  კაპანაძის თქმით, ნიკა მელიამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც მის წინაშე არსებობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, შეხვდა თუ არა ის მამუკა ხაზარაძეს.

"პოლიტიკურ პროცესში წამოიქმნა გარკვეული საკითხები და კითხვები. ეს კითხვები საჭიროებენ პასუხის გაცემას. მაგალითად,  დღევანდელი თავმჯდომარე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეხვდა "ლელოს" წარმომადგენლებს და მან გარკვეული დახმარების სანაცვლოდ შესთავაზა 2024 წლის საპარლამენტო სიაში გარკვეული სახის ადგილები. ამიტომ ეს კითხვები საჭიროებს პასუხების გაცემას. მე ველოდები ბატონი მელიასგან გააკეთოს განცხადება ამ შეხვედრის შესახებ, იყო თუ არა ეს შეხვედრა, ნამდვილად შესთავაზა თუ არა მსგავსი შეთანხმება ლელოს წარმომადგენლებს, შეხვდა მამუკა ხაზარაძეს და, ასევე, "ლელოს" სხვა წარმომადგენლებს, მაგალითად, დავით უსუფაშვილს?" - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. 

გარდა ამისა, "კურიერის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ლევან ხაბეიშვილთან გაერთიანებას არ განიხილავს. მისი თქმით, არჩევნები იმ კონფიგურაციით უნდა ჩატარდეს, როგორიც არის დაგეგმილი.

"მე ხაზს ვუსვამ რომ არჩევნებში მივიღებ დამოუკიდებლად მონაწილეობას, როგორც დავიწყე, გავალთ ისე ბოლომდე. ამიტომ იდეაში ეს გამორიცხავს რაღაც ტიპის ფორმალურ ალიანსს, თუმცა ამ პარტიის უკეთესი მომავლისთვის, იმ იდეებს ვინც გაითვალისწინებს, რა იდეებიც მე მაქვს, ბუნებრივია ამ პარტიაში ყველას ექნება საშუალება თავისი თავის წარმოჩენის. ის რომ ახლა პარტია არის დაყოფილი, ეს უნდა აღმოვფხვრათ. ვინც ჩვენს იდეებს გვერდში დაუდგება, ბუნებრივია, ისინი ჩემი მოკავშირეები იქნებიან," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

ცნობისთვის, შესაძლოა, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტიის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიკა მელია ორივე კანდიდატს უსწრებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ორი კანდიდატი მესამეს წინააღმდეგ გაერთიანდეს. ვერსიას უარყოფენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და გიორგი მუმლაძე. 

დღის ამბები