14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილზეც მიმდინარეობს ზეწოლა, როგორმე მიიყენოს თვითდაზიანება, რომ ეს განცხადებები მცირედით მაინც დაუახლოვდეს რეალობას" - ვოლსკი

მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ გადაჭარბებული იყოს შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ოცნებას" არგუმენტად მოჰყავს ის, რომ უკვე წელიწადზე მეტია ამ თემით სპეკულირება მიდის და მისი თანაგუნდელები ცდილობენ პოლიტიკური დისკუსიის საგნად აქციონ საკითხი.

სააკაშვილის ოჯახი კი სასამართლო პროცედურების დაჩქარების მოლოდინშია. ისინი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

მმართველ გუნდში საუბრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სპეკულაციად მიაჩნიათ. "ქართულ ოცნებაში" დღეს 1 წლის წინ მიმდინარე მოვლენებიც გაიხსენეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა და როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, მაშინ მისი მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რეალურად კი სურათი სხვა აღმოჩნდა.

"არა მხოლოდ ასოციაციები, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე თვის ინტერვალში მეორდება ხოლმე უმძიმესი პროგნოზების გაკეთება და ეს ყველაფერი, არც ერთ წინა შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ის არის, რომ როგორც ჩანს ლობისტები ამოქმედდნენ და იცით, ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია იყო და ერთი და იგივე სათაურებით და ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიები, მისი ავადმყოფობის ლობირება და პიარკამპანია უკვე ხორციელდება.

ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც პიარშიკები დაუქირავეს ავადმყოფობას, ლობისტები დაუქირავეს პიარმოცემულობას, რომ ვიღაც არის ცუდად და ა.შ. კონკრეტული პატიმარი არის ასე ვთქვათ იმის გამო, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დამნაშავე სააკაშვილი არის სხვა პატიმრებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე - მეორე, ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს და ნუ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თანაგუნდელებისა და თანამოაზრეების მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე გარკვეული ზეწოლაც ხორციელდება, რათა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით მან თვითდაზიანებებიც კი მიიყენოს.

"ფანდია, რომ რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკოსმა ისაუბროს სამედიცინო თემაზე. არ არის ეს პოლიტიკოსების სფერო სამედიცინო თემა, მაგრამ პოლიტიკოსი ხარ თუ ნებისმიერი სხვა დარგის მუშაკი, ძალიან პრიმიტიული უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე რა ხდება. მანიპულირება სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით და ყოველდღიური ერთი და იგივე განცხადებები, რომ იგი კვდება, მას სუნი ასდის, მას ფერი შეეცვალა და მე მაქვს ეჭვი და ამის საფუძველიც, რომ ყოველდღიურად სააკაშვილზეც მიმდინარეობს ზეწოლა, რომ როგორმე მიიყენოს თვითდაზიანება, რომ ეს განცხადებები მცირედით მაინც დაუახლოვდეს რეალობას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები