"ხალხის ძალა" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან და ელჩისგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტზე, რომლის გამარჯვებულებიც ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობასა და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – "ეს ქვეყანა შენიას" წლევანდელი გამარჯვებული, აჭარიდან 5 ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფია, რომლებიც აჭარაში ტრენინგებს ატარებენ. ერთ-ერთი გამარჯვებული ნიაზ ჩიტიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ავტორიტარული რეჟიმია.
"ჩემთვის რეჟიმი არის სრულიად ავტორიტარული და, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი ცვლილებების. ასევე პროექტის დროს ვითვალისწინებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბო ერთი იდეის ირგვლივ და რაც უფრო მეტი თანამოაზრე მეყოლება ამ ბრძოლაში, პროცესისთვის უკეთესია.
ვიაზრებთ, რომ პრობლემა არ არის ერთ კონკრეტულ ჩინოვნიკში, ერთ ქალაქში, ერთ თვითმმართველობაში. ვხედავთ, რომ ეს არის კომპლექსური ყველა რეგიონში და ასეთ დროს პრობლემა არის რეჟიმი და რეჟიმი ფასდება იმით, რომ მათი მოქმედებები ავტორიტარულია. ჩემთვის და ალბათ სამოქალაქო აქტივისტების უმრავლესობისთვის ეს რეჟიმი ავტორიტარული და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ,"-აცხადებს ნიაზ ჩიტიძე.