სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.
როგორია პირველი პოლიტიკური შეფასებები, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხე, სწრაფად უნდა დასრულდეს, ვინაიდან ყოველი დღე, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ძალიან სწრაფად დასრულდეს სასამართლო პროცესები, განხილვა საკითხის გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს, ანუ საზღვარგარეთ სამედიცინო დაწესებულებაში თუ არ გადაჰყავთ. მარტივად, რაც შეიძლება სწრაფად. თუ ღმერთმა არ ქნას და მიხეილ სააკაშვილზე იტყვიან, რომ ჯანმრთელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ექიმი არ დარჩა, რომელიც არ ამტკიცებს საპირისპიროს, დრო არ ითმენს ამბობენ, შეუძლებელია გამოჯანმრთელება ამ პირობებშიო. აქედან გამომდინარე, ვისაც ადარდებს და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობაშია, ადარდებს ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს მომავალი, მიიღებს გადაწყვეტილებას ადეკვატურს," - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის იმედოვნებს, რომ სასამართლომ პოლიტიკისგან დაცლილი გადწყვეტილება მიიღოს. ენმ-ს წევრის განცხადებით, პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირის თავისუფალ სამყაროში არ ელოდებიან.
"პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირის თავისუფალ სამყაროში არ ელოდებიან. ელოდებიან ხალხს, ვინც ცივილურად იქცევა და მის პრეზიდენტს ციხეში არ კლავს. შესაბამისად, მაინც იმედს დავიტოვებ, რომ იქნება პოლიტიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, რასაც არ აკეთებს ხოლმე, მაგრამ იქნებ სადმე შეინარჩუნონ ღირსება და მისცენ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ეს არ არის ვიწრო პარტიული საქმე, ეს არის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი სოლიდარულია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საზოგადოება არ შეეგუება ქვყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.
"ხალხი არ შეეგუება იმას, რომ მის თვალწინ კლავდნენ მის მოქალაქეს და მესამე პრეზიდენტს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმალური საღი აზრი გაიმარჯვებს ამ მთავრობაში და გაწირავენ ქვეყანას ისეთივე დაპირისპირებისთვის, რაც 90-იან წლებში ჩვენ გვქონდა," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სასამართლოს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.
"ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს სასამართლო პროცესი გაწელონ. დღეს ყველა ველოდებოდით, რომ თუ მოყვანა არა, ჩართვა მაინც მოხერხდებოდა - ესეც არ გააკეთეს. ახლა რაღაც ფარსში და მაიმუნობაში ნუ შევალთ ვინ რა და როგორ თქვა, ფაქტია, რომ დღეს ჩართვაზეც უარი თქვეს. ეშინია "ქართულ ოცნებას" რეალურად დაინახოს საზოგადოებამ თუ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი პირდაპირ პროპორციული იქნება "ქართული ოცნების" და მისი კონტროლირებადი სასამართლოს მოქმედებებზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც პარლამენტის წევრი და პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დრო ძალიან ცუდად მოქმედებს.
"ერთადერთი, რისიც ძალიან მეშინია და ყველა ძალიან ვღელავთ ეს არის დრო, რომელიც საერთოდაც არასდროს არ მუშაობს ცუდად მყოფ პაციენტზე და მესამე პრეზიდენტზე ეს დრო არ მუშაობს. ის, რომ ის რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტია, მე ვფიქრობ, ყველა კარგად ვხედავთ და დასკვნა დაიდო უკვე, რომ ის უცხო ქვეყნის მიერ არის მოწამლული და უცხო ქვეყანა საქართველოსთვის ერთადერთი ჯოჯოხეთი არსებობს, რომელსაც ჰქვია პუტინი და რუსეთი," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.