"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.
ბექა დავითულიანის განცხადებას ანა აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრება შედგა და სადაც მის პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, ითხოვდა ეჩვენებინათ მისი Facebook პოსტი, თუმცა ეს არ გააკეთეს. მისივე თქმით, შემდეგში არაერთხელ ახსნა ეს საკითხი.
"მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ, მიზეზი თუ უნდათ, შეუძლიათ ერთ-ერთი ესეც იყოს. თქვენ ნახეთ, გასაუბრებაზე ვითხოვდი კიდეც, რომ ეჩვენებინათ ჩემი Facebook პოსტი, რომლითაც შევძლებდი ამეხსნა ზუსტად ის, რომ ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ამის საშუალება სამწუხაროდ, არ მომცეს, მერე ავხსენი არაერთხელ და კიდევ თუ ამაზე ვინმე ლაპარაკობს, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ დამიჭერს მხარს.
ამ ადამიანს [ბექა დავითულიანს] მინდა ვუთხრა, რომ მშვიდად და თავისუფლად არ დამიჭიროს მხარი," - განაცხადა ანა აბაშიძემ.
სახალხო დამცველობის საერთო კანდიდატზე შესაჯერებელ პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიამაც.
"ჩვენი კანდიდატურა დავაყენეთ, რათა კონსენსუსი რომ არ შემდგარიყო, საშუალება გვქონოდა, მხარეებისთვის მოგვეწოდებინა - ერთმანეთის კანდიდატურაზე თუ ვერ თანხმდებიან, ჩვენს კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ. დღეს დავაკვირდებით, რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთის კანდიდატებზე. თუ არა და არსებობს მესამე გამოსავალი, მოვუწოდებდი მხარდაჭერას ამ მესამე გამოსავლისკენ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.