გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. გაზრდილი მოთხოვნა ტვირთების გატარებაზე, ეკონომიკურო ზრდის მაჩვენებელი და სტრატეგიული ინტერესი ის მთავარი საკითხებია, რომლის გამოც ახლა სახელმწიფო ნავსადგურს 51 პროცენტიანი თანამონაწილეობით ააშენებს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა, სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით სწორედ საკონტროლო პაკეტის ფლობას ითვალისწინებს.
დაანონსებული მასშტაბური პროექტის პარალელურად, მთავრობის მეთაურმა იმ ინვესტორების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომლებმაც მისი მტკიცებით, 2016 წელს დაწყებული პროცესი შეაჩერეს და დღეს სახელმწიფოს ედავებიან.
ანაკლიის კონსორციუმისა და პარტია "ლელოს" დამფუძნებელი, ხელისუფლებას კონტრბრალდებებს უყენებს. ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემმა არაშენებული ნავსადგურის პროექტში 40 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა. ყოფილი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მთავრობამ სამი წლის წინ ქვეყანას საერთაშორისო ინვესტიციებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეუზღუდა.
პოლიტიკაში წასული ბიზნესმენების პასუხისმგებლობას ხედავენ ანაკლიის პორტთან მიმართებაში ექს-პრემიერის გუნდშიც. სწორედ გიორგი გახარია მეთაურობდა მთავრობას პორტის მშენებლობის შეჩერების დროს. დღეს უკვე ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ინვესტორებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
ღრმაწყლოვანი პორტი რომ უნდა აშენდეს ამაზე ხელისუფლების სხვა ოპონენტები თანხმდებიან. თუმცა, ნაწილისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობის ეკონომიკურო ეფექტი გაუგებარია. მეორე ნაწილი კი ამბობს, მილიონობით დოლარის ვალის აღება ხელისუფლების მხრიდან არაგონივრული ნაბიჯი იქნება.
ოპონენტების პესიმიზმს და კრიტიკას სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების თქმით, პროექტს, საკანონმდებლო ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნება. მმართველ პარტიაში, დღეს ოპოზიციას წარსულში გაკეთებული განცხადებებიც შეახსენეს და თქვეს, რომ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა, რუსულ გავლენებზე აგებულ რიტორიკას წერტილს საბოლოოდ დაუსვამს.
ტვირთების გადაზიდვის გაზრდილი მოთხოვნის გამო, ანაკლიის მშენებლობასთან ერთად, პრემიერმა დღეს ბათუმისა და ფოთის პორტებში ახალი ინვესტიციების ჩადებაზეც ისაუბრა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. მაშინ საინვესტიციო ვალდებულება ანაკლიის კონსორციუმმა მიიღო. თუმცა, სამი წლის შემდეგ პროექტი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა. ახლა ხელისუფლება, მართვის უფლებით, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს.