14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სააკაშვილის მხრიდან სიმულაცია, მანიპულაციური კამპანია, თვითდაზიანება, საკვებზე უარის სპეციალურად თქმა - რა განცხადებები გააკეთა იუსტიციის მინისტრმა "კურიერის" ეთერში

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი იუსტიციის მინისტრისგან ექს-პრეზიდენტის მხრიდან თვითდაზიანების დამამტკიცებელი კადრების გასაჯაროებას ითხოვს. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ძმას არ სჯერა, რომ ის მკურნალობის პროცესს განზრახ აფერხებს. გიორგი სააკაშვილი უწყების ხელმძღვანელს თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს.


ჯანმრთელობის მდგომარეობის შეგნებულად დამძიმებაზე საუბარს, არაეთიკურს უწოდებს ექს-პრეზიდენტის ადვოკატიც. შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ვერანაირი ვიდეო-მასალა პატიმრის რეალური მდგომარეობის სიმძიმეს ვერ გადაფარავს.

იუსტიციის მინისტრმა "კურიერთან" ექსკლუზიურად თქვა, რომ უწყებაში ექიმების მიმართ დაუმორჩილებლობის, თვითდაზიანების მცდელობის და სიმულირების დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. ბრეგაძემ ოპონენტების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზეც ისაუბრა და საპასუხოდ ვიდეო-მასალის გასაჯაროებაც არ გამორიცხა.

მინისტრის განცხადებას, სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით სპეკულირების მცდელობას უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში." სააკაშვილის დაარსებული პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა, დღეს ხელისუფლებას ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს.

სავარაუდო მტკიცებულებების გასაჯაროებას ემხრობიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის თემით ოპოზიცია სახელმწიფოს დისკრედიტირებას ცდილობს, რაც ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. სახელისუფლებლო გუნდს არ სჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

გაასაჯაროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების მცდელობის დამადასტურებელ კადრებს იუსტიციის სამინისტრო, ჯერჯერობით უცნობია.



დღის ამბები