2 საათში პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება - უმრავლესობა შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
2 საათში პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება. ოპოზიცია თვლის, რომ კომპრომისი ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს.
"მოვისმინე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, რომ ულტიმატუმია თურმე ის, რომ ოპოზიციას საკუთარი კანდიდატები ჰყავს, თუმცა ეს არის იმ პროცესის ნაწილი და შედეგი, რომელიც თავად "ქართულმა ოცნებამ" დააწესა. ულტიმატუმის ძახილი და ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ამ პროცესისთვის დამაზიანებელია. ამ ფონზე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ქართულ ოცნებას" სურს ეს პროცესი ჩავარდეს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს უმრავლესობა. ომბუდსმენის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რაც დღეს პარლამენტში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ეს მნიშვნელოვანი პუნქტი შეგვესრულებინა, მათ შორის, პროცესი ღია გავხადეთ და ვთქვით, რომ ჩვენ კანდიდატს არ წამოვაყენებთ. ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე დავუთმეთ არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. ველოდებით ოპოზიციამ დაასახელოს თავისი კანდიდატურა, ჩვენ ვიმსჯელებთ გუნდში და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.