14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უარი არ განუცხადებია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, მან უბრალოდ დრო ითხოვა ადვოკატებთან კონსულტაციისთვის - ვასილ კაკაშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ცოტა ხანში უნდა დატოვოს კლინიკა "ვივამედი". როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უარი არ უთქვამს  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე და მან უბრალოდ დრო ითხოვა ადვოკატებთან კონსულტაციისთვის:

"ჩვენ გვაქვს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ვსწავლობთ მის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა ნივთიერებების მოხვედრის, შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტს. ჩვენ, ადვოკატებისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციიდან გამომდინარე, გამოვცხადდით მიხეილ სააკაშვილთან, რათა აგვეღო მოთხოვნილი ფრჩხილისა და თმის ნიმუში. ჩვენი ეს გადაწყვეტილება მიხელ სააკაშვილს გავაცანით, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კონსულტაციის შემდგომ მივიღეთ. მიხეილ სააკაშვილი ჩვენს პოზიციას გაეცნო, უარი არ განუცხადებია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, მან უბრალოდ დრო ითხოვა ადვოკატებთამ კონსულტაციისთვის. საგამოძიებო ორგანო, ყველა საჭირო მოქმედებას ცაატარებს იმისათვის, რომ ჩატარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს,"- აცხადებს ​სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი.

ცოტა ხნის წინ კლინიკა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმაც დატოვა. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მისი და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იყო, რომ ეს პროცედურა არ შემდგარიყო. ამის მიზეზად კი ადვოკატი ასახელებს იმ ფაქტს, რომ ვერც ფრჩხილის, ვერც თმის და ვერც სისხლის ანალიზი ვერ იქნებოდა შედეგიანი. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ დღესაც ვერ შედგა ანალიზების ჩატარების პროცედურა. ხაჭაპურიძე იმასაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა დამატებითი 5 კვლევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ ტარდება:

"ჩვენთვის არც დადგენილება და არც მომართვა არ წარმოუდგენიათ, მოდის თანამშრომელი და ამბობს, რომ ხან სისხლი გვინდა, ხან თქმა და ხან ფრჩხილიო. მე წარმოვადგინე დოკუმენტი რა კვლევებიც უნდა ჩატარდეს, რომელიც საქართველოში არ ტარდება და თუ ეს აქ ვერ ხერხდება, მაშინ რა ექსპერტიზას ატარებენ,"- აღნიშნავს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

 

 

დღის ამბები