გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს. მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ეწურება და თანამდებობა ვაკანტური ხდება. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა.
"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნვას არ ემხრობა, რადგან, რაქვიაშვილის თქმით, მას არანაირი განსაკუთრებული ხედვა ეროვნული ბანკის მიმართ არ გააჩნია.
"ძალიან ცუდი ხდება, თუ ნათია თურნავა გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მათ შორის, იმიტომ რომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ხედვა ეროვნული ბანკის მიმართ, განსხვავებული პოზიცია, ზოგადად, ეთანხმება იმ ყველაფერს, რაც ხდება და ორნიშნა ინფლაციას, რომელიც ეროვნული ბანკის დამსახურებაა. არის თაროებიდან წამოსული ადამიანი.
ასევე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი კრიტიკულად უყურებს მის კანდიდატურას, მათ შორის პარლამენტში. იმედია რომ მას არ აირჩევენ პრეზიდენტად და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვაკანტური ადგილებია საბჭოში და იქ ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც, მინიმუმ, საღი პოზიცია უკავია მაკროეკონომიკის ნაწილში," - აცხადებს რაქვიაშვილი.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ნათია თურნავას პროფესიონალად მიიჩნევს და საჭიროების შემთხვევაში, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, თუმცა ფაქტს, რომ თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება, არ ადასტურებს.
"ყველანაირად დადებითად და მაღალკვალიფიციურ კადრად დავახასიათებდი, როგორც მისი მინისტრობის პერიოდში, ასევე, ყველა იმ თანამდებობაზე, რომელზეც უმუშავია, შესაბამისად, ყველა მის შემდგომ ნაბიჯს ჩემი მხარდაჭერა ექნება, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად არ ვადასტურებ," - თქვა წილოსანმა.