გავრცელებული ინფორმაციით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს. მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ეწურება და თანამდებობა ვაკანტური ხდება. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნა უწყების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა ოფიციალურად და თუ დააყენეს მისი კანდიდატურა - ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ რეალურად, ის კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა საზოგადოებაში, მათ შორის, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაწილში, რასაც სჭირდებოდა ძალიან მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კოორდინაციის გაძლიერება, - ეს კითხვის ნიშნები კიდევ უფრო გაღრმავდება. იმიტომ რომ, აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს წარმომადგენელი იქნება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც კანონით გარანტირებული დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს," - ამბობს ლილუაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ნათია თურნავა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანია და ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას არ მოემსახურება.
"მინისტრის საათის ფორმატში შევხვედრილვართ პარლამენტში, კითხვები ეხებოდა იმას თუ რატომ იყო ასე მაღალი ინფლაცია, ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე იყო; რატომ იყო ტვირთები შემცირებული, რატომ არ იყო სამუშაო ადგილები - ამაზე პასუხის ნაცვლად მან მიპასუხა, მე ვერ გავიგეო "სტრატეგია აღმაშენებელი" მემარჯვენე პარტიაა თუ მემარცხენეო, რა სახელით გამოდიხართო. ანუ, მე ვფიქრობ რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანია და ეს ნამდვილად არ მოემსახურება ეროვნული ბანკის ინსტიტუტის დამოუკიდებლობას," - თქვა მანჯგალაძემ.