საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დღეს-დღეისობით, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს.
"ბევრი რეფორმის ავტორია, მათ შორის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, დღეს ეროვნულ ბანკშია, საბჭოში, მოგეხსენებათ, ჰოდა ეტყობა აქედან გამომდინარე გავრცელდა ეს ინფორმაცია. ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, მათ შორის ქალბატონი თურნავაც, თუმცა დღეს-დღეისობით საერთოდ ამ თემაზე არ არის საუბარი. ხვალ-ზეგ რა იქნება, მერე უფრო შემიძლია გითხრათ," - თქვა ზარქუამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად შეიძლება იყოს განხილული ნათია თურნავა.
"ქალბატონი ნათია თურნავა, თქვენ იცით რომ ეკონომიკის მინისტრი იყო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ის გამოცდილი ადამიანია, აქვს ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში გამოცდილება და ახლაც ეროვნულ ბანკში საქმიანობს. ასე რომ არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც იქნება განხილული, შესაძლოა ნამდვილად იყოს ნათია თურნავა," - აცხადებს თალაკვაძე.