ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს, შესაძლოა, მალე ნათია თურნავამ უხელმძღვანელოს. მოქმედ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ორ თვეში ეწურება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კობა გვენეტაძის შემცვლელად სწორედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სახელდება. თემაზე საუბარი დღეს თავად ნათია თურნავამ არ ისურვა. მის განვლილ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები, თუმცა ყოფილი მინისტრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად თურნავას კანდიდატურას მიუღებლად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. კანონმდებლებმა დღეს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კომპეტენციაც დაუწუნეს და თქვეს, რომ თურნავა მთავარი საფინანსო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხსს შეამცირებს.
ნათია თურნავას მიმართ კოლეგების მსგავსად კრიტიკულები იყვნენ დღეს გახარიას გუნდის წევრები. თურნავა წლების განმავლობაში მინისტრთა კაბინეტში ადგილს, სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იკავებდა. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგნელებს დღეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური მიუკერძოებლობის არ სჯერათ და ამბობენ, რომ მისი კანდიდატურა კითხვის ნიშნებს გააჩენს. უმრავლესობის აზრით კი, თურნავას კარგი მენეჯერული თვისებები აქვს, რაც ნებისმიერ შესაძლო თანამდებობაზე მისი წარმატებული საქმიანობის წინაპირობა იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 3 მარტს ეწურება. ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა ბანკის ცხრაკაციანი საბჭოდან უნდა შეირჩეს, რომელსაც საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს.