საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს ქართულმა დიპლომატიამ წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.
"მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს გვაკლდა საგარეო პოლიტიკური საფრთხეები და გამოწვევები, თუმცა გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ განვლილი წელი ამ კუთხით ყველაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა. 2022 წელს მსოფლიო დადგა ფუნდამენტურად ახალი რეალობის წინაშე.
ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა ასევე, მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. განსაკუთრებით გამოვყოფ პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება.
პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის როლი თვალსაჩინოა კიდევ ერთი მიმართულებით - ფაქტია, რომ დღეს როდესაც უაღრესად ნეგატიურმა განვითარებებმა ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და ზოგიერთ მათგანს ახლა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქართველომ არამხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას.
გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
დღეს ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება,"-აცხადებს დარჩიაშვილი.