სალომე ზურაბიშვილი დღეს "ელჩების კონფერენცია 2022"-ს არ დაესწრო. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
სამთავრობო გუნდისთვის გაუგებარია მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა უარი თქვა ამბასადორიალში მონაწილეობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ საუბარი პროტოკოლურ საკითხებზე არასერიოზულია, როდესაც მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებას ეხება საქმე.
"რადგან არ დაესწრო, მეგონა ავად ხომ არ არის-თქო, ხო არ გაცივდა-თქო. თუ ეს არის მიზეზი ე.ი. კიდევ უფრო რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე, იმიტომ, რომ პროტოკოლით, სიტყვა ვიღაცაზე წინ თუ ადრე თქვას, ამის გამო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას რომ არ ესწრება, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მე-3 მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს შენ სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას და ამის გამო არ მიხვიდე.. მერჩივნა ის მიზეზი, რომ მეგონა ავად იყო და ამის გამო არ მივიდა," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.