14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
რისთვის სჭირდება სააკაშვილის დაცვის მხარეს ამერიკელი ექსპერტი, ობიექტური დასკვნისთვის თუ სიმულაციის გამართლებისთვის

"დიდი ამბავი ეჭვქვეშ დააყენა" -ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ექსპრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. საუბარია ერიკ გოლდსმიტზე, რომლის შესახებ დასავლურ პრესაშიც დაიწერა. გოლდსმიტის ფსიქიატრიულ დასკვნას, რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის პარტნიორთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის სასამართლო არ ენდო, თუმცა მისი შეფასების სჯერა შალვა ხაჭაპურიძეს.

ერიკ გოლდსმიტის დასკვნა, რომელის მიხედვითაც მან ქართულ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, სააკაშვილის სიმულაციური ქცევის მტკიცებულებაა მმართველი გუნდის ლიდერებისთვის. პოლიტიკოსების თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტი ჯანმრთელია და მას გოლდსმიტის მსგავსი ექსპერტები, სიცრუის დასამტკიცებლად სჭირდება.

ხელისუფლების მსგავსად, დაქირავებული ამერიკელი ექსპერტის ობიექტურობის არ სჯერათ მოძრაობა "ხალხის ძალასა" და "გირჩს". კანონმდებლები, მხოლოდ წარმომავლობის მიხედვით პირის პროფესიონალიზმზე მტკიცებით ფორმაში საუბარს მიუღებლად მიიჩნევენ.

გოლდსმიტის კეთილსინდისიერება კითხვის ნიშებს არ აჩენს ნაცმოძრაობისა და ოპოზიციის ნაწილისთვის. პოლიტიკოსების შტატების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ამერიკელი ექსპერტის დასკვნას - მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ინტოქსიკაციასა და დემენციაზე არადამაჯერებლად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატებმა დღეს თქვეს, რომ ოპონენტები საეჭვო რეპუტაციის ფსიქიატრის დასკვნას ჭეშმარიტებად ასაღებენ, რაც რეალური სურათის დამალვას უწყობს ხელს.

სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით ერიკ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე გამოიკითხა. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პროცესი 29 დეკემბერს განახლდება.

დღის ამბები