მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები, რომელიც დღეს გაიმართება "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ დაპირისპირების მიზეზია. პარტიის მხარდამჭერებს სხვადასხვა ადგილის არჩევა მოუწევთ.
ნიკა მელიამ შეკრება მშვიდობის ხიდზე დააანონსა, თუმცა ლევან ხაბეიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივა.
დრო ერთი და იგივეა, თუმცა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის და თავმჯდომარეობის კანდიდატის გზები დედაქალაქში არ გადაიკვეთება. აქციების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
აქციის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართვას არ მიესალმება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ადგილას დგომა კარგი არ არის.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის საკითხები, სადაც ერთიანობაა მნიშვნელოვანი, ეს სიტყვებად არ უნდა დარჩეს, მოქმედებაშიც უნდა იყოს მოყვანილი. ძალიან კარგი იქნებოდა, უკვე შეთანხმებული ლოკაცია დარჩენილიყო იმ ლოკაციად, რომელზეც ჩვენ ფაქტიურად შეჯერებულები ვიყავით და ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი მეგობრები, თუმცა, ვინაიდან მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ცალკე ყოფილიყვნენ, კი ბატონო, მათი არჩევანია.
მესმის, რომ ამავდროულად, საარჩევნო კამპანიაც არის და ყველა თვითონ ირჩევს ამ საარჩევნო პერიოდში თავის კონკრეტულ სტრატეგიას. ოღონდ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს არ იყოს სწორი. მე არ მგონია, რომ ეს დაქსაქსვა, სხვადასხვა ადგილას დგომა ყოფილიყო კარგი," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.