საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის დადებულ ხელშეკრულებას აფასებენ. ახალი ხელშეკრულებით დადგენილია სესხის გაცემის განსხვავებული, შეღავათიანი პირობები. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრა. 2023 წლის 1 იანვრამდე საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 31% იყო.
საპენსიო სისტემის შესწავლა, ამ სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი იყო მთავარი მოტივი, რის გამოც ორი წლის წინ უწყებათაშორისი კომისია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კომისიის ფარგლებში, საბანკო მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავეს ჯანდაცვის, ფინანსთა სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა. ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საკანონმდებლო ორგანოშიც, რომლის შემადგენლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პარტია მოქალაქეების წევრები.
პენსიონერებისთვის საშეღავათო სესხის პირობების შექმნის ინიციატორი იყო ირაკლი ზარქუაც. დეპუტატი ამბობს, რომ სამთავრობო კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ნაყოფიერად იმუშავეს და საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს.
საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა შესაძლებელია სესხები უფრო დაბალი პროცენტითაც გაიცეს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღირსეული სოციალური პირობების შექმნა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.
სახელმწიფო უწყებისა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, პენსიონერებს შეუნარჩუნდება ისეთი სერვისები, როგორიცაა პლასტიკური ბარათების დამზადება და განაღდება მომსახურების ტარიფის გარეშე და პენსიის ბინაზე მიტანა იმ შემთხვევაში, როდესაც თავად პენსიონერს საბანკო დაწესებულებაში მისვლა არ შეუძლია.