14 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"სავარაუდოდ, ბატონ გიორგის სასჯელის გადავადება შეწყალებაში ეშლება" - გიორგი ცაგარეიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადების შესახებ 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას პოპულიზმად აფასებენ, სადაც ამბობენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად ამის უფლება არ აქვს.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს კანონმდებლობის გადაკითხვას ურჩევს. ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ საკითხს მოსამართლე გადაწყვეტს.

"მეოთხე პრეზიდენტის ეს განცხადება ტყუილია, იმიტომ, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და არა გადავადების უფლება და პრეზიდენტის უფლებები კანონში არის გაწერილი ზედმიწევნით და ვურჩევ გადაიკითხოს კიდევ კანონმდებლობა. გადავადებას ავადმყოფობის გამო განსაზღვრავს სასამართლო და კანონში გაწერილია ზუსტად ის ჩამონათვალი, რომელიმე დაავადებების გამო შესაძლებელია სასჯელის გადავადება, ასე რომ ამ საკითხს მოსამართლე გადაწყვეტს," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის გადავადება შეწყალებაში ეშლება.

"სავარაუდოდ, ბატონ გიორგის სასჯელის გადავადება შეწყალებაში ეშლება. ის ხშირად იყენებდა ხოლმე ამ უფლებას, როგორ იყენებდა ესეც საკითხავია, მაგრამ იყენებდა. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კარგად ჰქონდეს შესწავლილი ამჟამინდელი პრეზიდენტის უფლებამოსილებები. არც მის დროს და არც ახლა, პრეზიდენტს არ შეეძლო სასჯელის გადავადება, მაშინაც და ახლაც შეუძლია პატიმრის შეწყალება," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.  

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება სურდა, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო განეხორციელებინა.  

"ზოგადად, თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო, ჩემი აზრით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მგონია, რომ რა ქმედებების განხორციელებასაც არ უნდა ვურჩევდეთ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს უნდა იყოს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ და ისე რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რა შედეგი მოჰყვე ამას. თუ ამ პოზიციაზე დგახარ, რომ პრეზიდენტებს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ შენც იყავი პრეზიდენტი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები