ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი "ვაშინგტონ პოსტში" საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
"მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას" - ამ სათაურით სტატიაში მაკფოლი წერს, რომ საჭიროა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის წამოყენება.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სტატიას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს კიდევ დამატებით ეფექტს აძლევს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას.
"ეს სტატია, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს კიდევ დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას, რომელიც აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მან გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, გაიზრდება," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სტატიას ლობისტების თემას უკავშირებს.
"ამ ლობისტების თემა მუშაობს, ფაქტია. ეს შეიძლება მივაწერო თამამად სწორედ იმ ხელწერას, რომელიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სათაურით, ერთნაირი შინაარსით, იმიტომ, რომ შეუძლებელია, გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან არის აბსურდი. სააკაშვილის ხსენება რამე დემოკრატიულ პროცესებთან და ადამიანის უფლებებთან, ეს შეუთავსებელია და ამიტომ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც ანალოგიურად არის დაწერილი ტექსტი. ჩვენ ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის ოჯახმა და გარემოცვამ დაიქირავა უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
მაკფოლი წერს, რომ ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართოს. ზელენსკი სწორად მოიქცა და მას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ - წერს მაკფოლი. მაკფოლის მოსაზრებას ოპოზიცია მნიშვნელოვან საერთაშორისო ბერკეტად აფასებს, მმართველი გუნდი კი ლობისტურ კამპანიაზე საუბრობს.