პატრიარქის საპასუხო წერილს, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის მისწერა, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ილია მეორეს შორის ძალიან თბილი ურთიერთობაა და ყველას მოუწოდებს ნუ ეცდებიან წერილის ინტერპრეტაციებს.
"გავიგე ისე, როგორც გავიგე. ძალიან მკაფიოდ წერია, ის რაც წერია. ნურავინ ნუ ეცდება სათავისოდ გამოიყენოს თითოეული სიტყვა. ძალიან ცუდია თუ ვინმე ცდილობს წინადადების გადათარგმნა-გადმოთარგმნას. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, იმ რეალობას ნამდვილად ვერ შეცვლიან, რომელიც არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მათ შორის[მიხეილ სააკაშვილსა და პატრიარქს] არის ძალიან თბილი ურთიერთობა და ამის იქით ნუღარ შევალთ ამ დისკუსიაში," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ცნობისთვის, ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას "ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად".
"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად," - ნათქვამია პატრიარქის წერილში.