14 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
რა უსურვა ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის და მხნეობის გარდა - ვინ როგორ გაიგო პატრიარქის სიტყვები

პატრიარქმა ექსპრეზიდენტს საპასუხო წერილი მისწერა. ილია მეორე მიხეილ სააკაშვილს მისალოცი ბარათისთვის მადლობას უხდის და თავადაც ულოცავს ჩავლილ დაბადების დღეს. ოთხწინადადებიან წერილში ყველაზე დიდი ყურადღება ბოლო, მეოთხე ფრაზამ მიიპყრო - "გისურვებთ პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". ჯანმრთელობის, მხნეობისა და სულიერ ძალთა განმტკიცების გარდა პატრიარქი ექსპრეზიდენტს სხვა რეალობის შესაცნობად ღვთის შეწევნას უსურვებს.

სხვა რელობა კი მესამე პრეზიდენტისთვის დღეს პატიმრობაა. დღეს ბევრმა აღიარა, რომ ილია მეორის სიტყვები, მიხეილ სააკაშვილისთვის პირდაპირი და მკაფიო გზავნილია.

სააკაშვილის თანაგუნდელებს პატრიარქის წერილის შინაარსთან დაკავშირებულ დისკუსიაში შესვლა არ უნდათ. თუმცა პარტიის წევრები არც იმას უარყოფენ, რომ ილია მეორემ თავისი სათქმელი მკაფიოდ გამოხატა.

მმართველი გუნდისთვის პარტიარქის წერილის შინაარსი კონკრეტული დატვირთვის მატარებელია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სააკაშვილმა რეალობაც უნდა გაიაზროს და ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე პასუხიც უნდა აგოს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც ეხმაურება. "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ მიმართვით ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ახალ რეალობასთან შეგუება ურჩია.

წერილზე კომენტარს სოციალურ ქსელში ავრცელებს ლაშა ბუღაძეც. მწერალს პატრიარქის რჩევასა და სურვილთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ილია მეორის წერილი დღეს გავრცელდა. პატრიარქმა პატიმარ ექსპრეზიდენტს აღსაყრდების იუბილის მილოცვაზე უპასუხა.

დღის ამბები