საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლე განიხილავს შუამდგომლობას, რომლითაც ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გაუქმებას, ან გადავადებას მოითხოვენ. ამერიკელი ნევროლოგი, შაჰინ ემანუელ ლაჰანი დისტანციურად იკითხება.
ეს არის სპეციალისტი, რომელიც ოქტომბერში პირადად ეწვია კლინიკაში სააკაშვილს, მისი მდგომარეობა შეაფასა და ამავდროულად, ანალიზების ნიმუშები აიღო.
პროცესზე მან მოსამართლეს დაუდასტურა საკუთარი შეფასება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისთვის შეუსაბამოა. ამ ეტაპზე, მხარეები ექსპერტს დეტალურ კითხვებს სწორედ ამ შეფასების ირგვლივ უსვამენ.
ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"სააკაშვილის ჯანრთლეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. ყველაზე მძიმე დიაგნოზი დემენციაა, რომლიც მას აქვს და ასევე, კრუნჩხვები. მე, როგორც, ნევროპათოლოგი ვთვლი, რომ მისი ეს სერიოზული დაავადებები ხელის შემშლელია სასჯელის მოხდაში. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო მისი შესაძლებლობების დაქვეითება , რაც ვნახე დოკუმენტურადაც, გამოვავლინე მისი გასინჯვის დროსაც. დემენცია სწრაფად დამძიმებადია, ეს იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტოვობის დარღვევას, როგორიც არის თავის მოვლა, შხაპის მიღება და სხვა. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას , რომ ის გამოჯანმრთელდეს,"-აცხადებს შაჰინ ემანუელ ლაჰანი.