14 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის მუქარისშემცველ განცხადებებს ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა

საქართველოში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა ასე პასუხობენ მმართველ გუნდში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტისა და უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ განცხადებებს.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქართველ ხალხს ემუქრება და აცხადებს, რომ საქართველოში ტანკებით შემოვა. ამასთანავე, ის შეურაცხყოფას აყენებს კახელებს. ნოდარ ყარალაშვილი 2010 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს.

მას 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყარალაშვილი 2013 წელს შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა. რის შემდეგაც ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ამჟამად ნოდარ ყარალაშვილი უკრაინული ლეგიონის, გალიჩინას მეთაურია.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის მხარდამჭერის განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ისინი არეულობის მოწყობას არ აპირებენ.

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე კარგად ნაცნობი დღის წესრიგით მოქმედებს და საკუთარი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დახმარებით, ყველა შესაძლო გზას იყენებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

ე, პირადად, არ მომისმენია მისი განცხადებები, ვიცი მედიის მხრიდან და მე რაც მითხრეს, თუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება სათავეში ედგას მსგავსი ტიპის რიტორიკა, ან მოქმედება, იმაზე რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. 

ნებისმიერ ადამიანს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ან სხვა პარტიის მხარდამჭერს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი ხედვა, მაგრამ ამ ყველაფრის აფილირება, როგორც პარტიის ხედვა, არ მიმაჩნია სერიოზულად.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს,რომ სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ მიმართულ ქმედებს არ იზიარებენ.

"ვინც თქვა ეს, იმას უნდა კითხოთ, რას ნიშნავს. მე არ ვიცი რა იგულისხმა ადამიანმა, რომელმაც რაღაცა ვიდეო გაავრცელა და მე არ ვიცი. 

ნემისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევისკენ, ჩვენ არ ვიზიარებთ და ვემიჯნებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში შეუძლებელია იყოს სტაბილური, პოლიტიკური გარემო, თუ მიხეილ სააკაშვილს მოკლავენ ციხეში, ხოლო ქმედებებს, ვინ რას იტყვის, ვერც გამოვეკიდები და ვერც შევაფასებ,"- აცხადებს მუმლაძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მტრული განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არის მიმართული. 

"ასეთი ყიამყრალი განცხადებები, მუქარები, "მიწასთან გაგასწორებთ", "ტანკებით შემოვალთ, დაგარბევთ, დაგამხობთ", რა თქმა უნდა, ადამიანებს ახსენებს იმ ავადსახსნებელ დღეებსა თუ წლებს. მე არ მინდა ეს ჩემს ქვეყანაში განმეორდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, ამიტომ არავის ვურჩევ ამგვარი განცხადებების გაკეთებას.

ეს არის მტრული განცხადებები, მიმართული სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ქართველების ურთირთწაკიდებისკენ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს და სამოქალაქო მშვიდობა იყოს დაცული ამ ქვეყანაში,"- აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 

"ფაქტია, რომ ეს ადამიანი, გარკვეულად, ვალდებულად თვლის თავს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ჩვენ არ გვიკვირს, შეიძლება საზოგადოებაში კიდე ვინმეს უკვირდეს. ამიტომ ვამბობთ, ეს პარტია არის რადიკალური პარტია, რომელიც ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზმით, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმოქმედოს და შესაბამისად, მსგავსი განცხადებები წარმოაჩენს იმ რეალურ ზრახვებს, რომელიც ამ პარტიის შიგნით თითოეულ მის წევრს ამოძრავებს. 

მინდა დავარწმუნო, რომ ვერავინ ეღირსება ამ ქვეყანაში არეულობას და ხელისუფლება არის გარანტი, საზოგადოებასთან ერთად, იმისა, რომ ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობა,"- აცხადებს მიქანაძე. 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ყარალაშვილს საქართველო სძულს.

"ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. აქ არის მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, რომელიც ასახავს, როგორ სძულთ საქართველო და როგორ უნდათ საქართველოში არეულობის შემოტანა, მე მხოლოდ ამას ვხედავ მათ აგრესიულ და არა საქართველოს საკეთილდღეოდ მიმართულ მუქარაში,"- ახცადებს ეკა სეფაშვილი. 

დღის ამბები