შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის საშუალებით საქართველოს ერთიან ევროპულ ქსელში ჩასართავად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისთვის საქართველომ ორნახევარი მილიონი ევრო უკვე დახარჯა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება, შავ ზღვაში, წყალქვეშ 1000 მეგავატი სიმძლავრის და 1195 კმ სიგრძის კაბელის გაყვანას და მისი მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირი ზრდის კავშირს სამხრეთ კავკასიასთან და საქართველო ხდება ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
საქართველო, როგორც ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დერეფანში - ექსპერტები ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება შეცვლის საქართველოს როლს როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლემ გასული წლის 17 დეკემბერს, ისტორიულ ხელმოწერას უმასპინძლა. ოთხმა ქვეყანამ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. მათ საერთო ინტერესები აქვთ, გაიზარდოს შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, მოხდეს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირება. პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკს მიმართავს.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და თანხის ოდენობაზეც და მიმართულებებზეც პოზიციები შეთანხმებული და შეჯერებულია.