მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ბატონი კასიანოვისგან ასეთი არარელევანტური და კონტექსტიდან ამოვარდნილი მოსაზრებები და განცხადებები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველოსობის წევრმა დავით მათიკაშვილმა "ქრონიკაში" განაცხადა.
მმართველი გუნდის თქმითვე, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კომპონენტში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ის ლიდერია, რომელიც უკრაინას დახმარებას ომის დაწყების დღიდან უწევს.
"რა თქმა უნდა, "ბუკის" სისტემა ქართულმა მხარემ შეიძინა და მასში ათობით მილიონია გადახდილი, 2008 წელს ომის დაწყებამდე და ეს ქართული მხარისთვის არავის უჩუქებია, ისევე როგორც ჯაველინები იქნა შეძენილი ქართული მხარის მიერ. მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის, იცოდა თუ არა, მან ბევრად მეტი უნდა იცოდეს.
უკრაინის დახმარების სამი ძირითადი კომპონენტია, ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო. პირველ ორ კომპონენტში, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კომპონენტში საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერთაგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს. საუბარია ჰუმანიტარული დახმარების იმ მასშტაბზე, რომელიც საქართველოდან არასდროს არ გასულა მისი დამოუკიდებლობიდან დღემდე, მაგრამ ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველომ ხმამაღლა და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ის ომში არ ჩაერთვება. ის არ გახდება ომის მონაწილე მხარე და ეს უნდა იყოს ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგად გასაგები. როგორც კი შენ, როგორც სახელმწიფო ან მოხალისეების გაგზავნას უზრუნველყოფ ომში ან აწვდი იარაღს ერთ-ერთ მხარეს, შენ ავტომატურად ხდები ომის მონაწილე და ომის ქარ-ცეცხლი, მაღალი ალბათობით, შეიძლება შენთანაც გადმოვიდეს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.