14 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ანდრეი კასიანოვის განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ომის დროს უკრაინელებს არანაირი იარაღი არ მოუციათ ჩვენთვის, ეგ იყო მშვიდობიან პერიოდში! და ძალიან ცუდია ამის ლაპარაკს რომ გვაიძულებენ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი განმარტებით, უკრაინელებმა ჯაველინები ძალიან ძვირად მოგვყიდეს.

ხუნდაძის თქმით, კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით უკრაინელებს მაშინ, როცა თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე.

"ტყუილი და ომში ჩათრევის მორიგი, ბოროტი და უსუსური მცდელობაა ის, რაც კასიანოვმა დაიწყო და ნაცების მედიამ გაახმოვანა! - ასე აფასებს გურამ მაჭარაშვილი უკრაინელი დიპლომატის განცხადებას. არავის არაფერი უჩუქებია, მით უმეტეს ომის დროს არ გადმოუცია! ბუკები ომამდე მოგვყიდეს და საკმაოდ ძვირად! ომის დროს ერთი ცალის გადმოცემის მცდელობაც კი არ ყოფილა! და ჩანაცვლება რა საჭიროა, თუ პირდაპირი მიზანი არ არის საქართველო ომში მხარედ წარმოჩინდეს და აქ მეორე ფრონტი გაიხსნას?! იმედია თავდაცვის სამინისტროც გასცემს პასუხს ამ უმსგავსობას და ქართველების საზარბაზნე ხორცად გამოყენების შემოვლით მცდელობას" - წერს მაჭარაშვილი ფეისბუქ პოსტში.

ოფიციალური კიევი თბილისს "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

დღის ამბები