უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია სოლედარზეა მიმართული.
ზელენსკის თქმით, მან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არსებული ვითარება სამხედრო მეთაურებთან განიხილა. ქვეყნის პირველი პირის თქმით უკრაინელი სამხედროები დასავლელი პარტნიორებისგან ახალ შეიარაღებას და ტექნიკას მალე მიიღებენ.
"შტაბთან შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, რომლებიც ყველაზე ცხელი წერტილებია. ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა მიმართული, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, მთელი ჩვენი დონბასის გათავისუფლება იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ შეუპოვრობას იჩენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების ახალ და სულ უფრო სასტიკ შემოტევებს. ეს ძალიან მძიმეა: თითქმის არ დარჩა მთლიანი კედელი. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალები.
რისი მოგება სურდა იქ რუსეთს? იქ ყველაფერი დანგრეულია, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. სწორედ ასე გამოიყურება სიგიჟე. მსოფლიომ იცის, რომ უკრაინულ მიწაზე რუსეთის ყოფნის ყოველი დღე არის სიკვდილი, ჭრილობა, ტკივილი და ხალხის ტანჯვა. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან და საიმედოდ დაიცვას ჩვენი ხალხი რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური გეგმისგან. დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი და ტექნიკა უკვე მალე ექნებათ ჩვენს მეომრებს ფრონტზე,"- აცხადებს ზელენსკი.