თემაზე "ვინ მართავს ამერიკას" ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს და ამჯერად "ფოქს ნიუსის" ამავე საკითხზე მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობს.
"გუშინ გამოვაქვეყნე წერილი ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ და გუშინვე წავაწყდი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ტელევიზიის - "ფოქს ნიუსის" ვრცელ სიუჟეტს ამავე თემაზე. სიუჟეტი ეხებოდა ამერიკის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის, ჯონ კენედის იდუმალებით მოცულ მკვლელობას, რომელიც დღემდე გაუხსნელია.
საუკუნის მკვლელობასთან დაკავშირებული მრავალი უცნაურობის შესახებ ქართული საზოგადოებაც ფართოდაა ინფორმირებული. ბუნებრივ ეჭვებს აღძრავს, თუ რატომ და როგორ მოკლა ოსვალდმა კენედი ყოველგვარი მოტივისა და თანამზრახველების გარეშე, როგორ მოკლა თავად ოსვალდი ჯეკ რუბიმ ორ დღეში ასევე ყოველგვარი მოტივის გარეშე, წლების მანძილზე რატომ მალავდნენ ამერიკული სპეცსამსახურები ოსვალდთან კავშირს, როგორ გამოაცხადა მანამდე ფსიქიკურად ჯანმრთელად აღიარებული ჯეკ რუბი გიჟად ფსიქიატრმა, რომელსაც მოგვიანებით სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაუდასტურდა და ა.შ.
წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კენედის მკვლელობის შესახებ სრული დოკუმენტაცია 2017 წელს უნდა გასაჯაროებულიყო. თუმცა, სპეცსამსახურების დაჟინებული მოთხოვნით, მათი გასაჯაროება 2017 წლიდან უკვე მეორედ გადავადდა, რაც საქმის გარშემო არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამერიკულ ლექსიკონში სწორედ 1964 წელს, კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ეჭვების გასანეიტრალებლად გაჩნდა ტერმინი - "შეთქმულების თეორია", რომელიც დღემდე ეფექტიან იარაღად გამოიყენება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვების დასმას ცდილობს.
კენედის საქმის მაგალითზე, "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტი ასკვნის, რომ ამერიკას მართავენ ძალები, რომლებიც დემოკრატიული კონტროლის მიღმა მოქმედებენ. ეს ძალები, სინამდვილეში, ბევრად უფრო ფართო ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ფორმალურად მათ კონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ისინი ახდენენ გავლენას არჩევნების შედეგებზე და ქმნიან მთავრობას მთავრობაში, რასაც ჟურნალისტი დემოკრატიის იდეის დაცინვას უწოდებს.
"ფოქს ნიუსის" სიუჟეტი მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ არაფორმალური მმართველობა ამერიკის მთავარ პრობლემად არის ქცეული, რაც საქართველოს და ანალოგიურ ვითარებაში მყოფ სხვა ქვეყნებს სერიოზულ რისკებს უქმნის," - წერს შათირიშვილი.