ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბაჩო დოლიძეს, რომელიც ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერის უკან ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს, მისივე თანაპარტიელი ირაკლი ნადირაძე პასუხობს და ვერსიას სიცრუეს უწოდებს.
"დიდი სირცხვილი მათ, თუ ვინმე ასეთ განცხადებას აკეთებს და საპასუხოდ შეუძლია ნახონ თავად ლევან ხაბეიშვილის პოსტი, სადაც გარკვევით წერს ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს არჩევნები ტარდება არა იმისთვის, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ტალახი ვესროლოთ. არამედ იმისთვის, რომ პარტია გამოვიდეს გაძლიერებული. ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. მით უმეტეს, როდესაც ეს აუდიო ჩანაწერი არის გაურკვეველი წარმომავლობის და ამის მოსმენაზე უბრალოდ დრო არავინ არ უნდა დაკარგოს," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
მელია სააკაშვილს აგინებს - ამ შინაარსის აუდიოჩანაწერი იუთუბზე გავრცელდა. მასალის მიხედვით, მელიას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მერობის კანდიდატად არ დაასახელებდნენ. თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ჩანაწერში კონკრეტულ გვარებს არ ამბობს, უცნობია ვის ესაუბრება ის. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თავად ნიკა მელიას კი განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.