ამერიკელი გენერლის განცხადებები პოლიტიკური დისკუსიის საგანია. ბენ ჰოჯესმა სხვა საკითხებთან ერთად, ვრცლად ანაკლიის პორტზეც ისაუბრა.
"თუკი მას რეალობა აინტერესებს და არა გარკვეული პოლიტიკური პროექტის პროპაგანდისტობა, საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთანაც ჰქონოდა შეხვედრა, უფრო მეტს გაიგებდა. მისი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ნულია, რა განცხადებასაც უნდა იმას გააკეთებს, ის არის ოპოზიციურ, ლობისტურ მოქმედებაში ჩართული პირი და აკეთებს შესაბამის ოპოზიციისათვის სასარგებლო განწყობებს. მას თავისი ინტერესი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარეობს მისი განცხადებები,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი კი აცხადებს, რომ ბენ ჰოჯესს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური ინტერესები აქვს და მისივე თქმით, დღევანდელლი განცხადებებიც ამის დასტურია.
"პირდაპირ მიუთითებს მე მგონი თავის ფინანსურ ინტერესზე. პოლიტიკური ინტერესიცაა და ფინანსური ინტერესიც არის, თუმცა ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად დავძენ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ. ბენ ჰოჯესის ეს განცხადება არ მიკვირს, იმიტომ რომ ის აგენტოკრატიის ერთ-ერთი რიგითი აგენტია, მისი ამ განცხადებიდან გამომდინარე და მისი განცხადება მანიპულაციური ხასიათის არის და მიზნად მხოლოდ ერთი რამ აქვს დასახული, საქართველოში არეულობის შემოტანა, იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო უკრაინას უჩენს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი ეკა სეფაშვილი.