ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელების მიღმა, ნიკა მელიას გუნდის წევრებმა ვანო მერაბიშვილის ხელწერა დაინახეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო დოლიძემ დღეს ფარული ჩანაწერებით ბრძოლაში ღიად დაადანაშაულა. თქვა, რომ მსგავსი მეთოდით მოქმედება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სტილია და ახლა იმავე გზით ცდილობს შიდაპარტიულ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვებას.
ბრალდება ადრესატმა დღეს ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა. ისინი კი, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობაში” მერაბიშვილის გუნდის წევრბად სახელდებიან, მის წიინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს, გადაბრალების მცდელობას უწოდებენ.
”ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარის 44 წამიანი ფარული აუდიო ჩანაწერი ინტერნეტ-სივრცეში 19 საათის წინ აიტვირთა. აღწერის მიხედვით ის 2021 წლის არჩევნებამდეა ჩაწერილი. ვის აგინებს ნიკა მელია? მასალაში კონკრეტულ სახელი და გვარი არ არის დაკონკრეტებული, თუმცა მასალის გავრცელებიდან მალევე ითქვა, რომ მელია სააკაშვილზე საუბრობდა.
მელიას საუბარი ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პარტნიორების ნაწილს არ გაჰკვირვებია. ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერის გარეშეც არაერთხელ ყოფილან მომსწრე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს სააკაშვილის მიმართ, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს.
"ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა უმრავლესობამ დღეს თემაზე საუბარი არ ისურვა. ხატია დეკანოიძისთვის მიუღებელია როგორც მსგავსი მასალების მოპოვება, ასევე გავრცელება.
რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს, გაეცნო თუ არა გავრცელებულ მასალას და რას ფიქრობს პარტიის დამფუძნებელი მოქმედ თავმჯდომარეზე - კითხვა დღეს უპასუხოდ დარჩა. "ვივამედში" მისულმა გიული ალასანიამ საკითხს არასერიოზული უწოდა.
იმაზე, რაზეც არც სააკაშვილის ოჯახს და არც თავად "ნაციონალური მოძრაობის” წევრების უმრავლესობას საუბარი არ სურს, შეფასებას აკეთებენ მათი ოპონენტები. საპარლამენტო უმრავლესობაში ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, კლანებს შორის ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლას უწოდებენ. ამბობენ, რომ ფარული, მიყურადება და შემდეგ მისი გავრცელება ”ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მეთოდია და ტრადიციას არც ოპოზიციაში ყოფნის დროს ღალატობენ.
გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, დღეს, თავად ნიკა მელიას და არც მის მთავარ კონკურენტს - ვანო მერაბიშვილის ფავორიტს ლევან ხაბეიშვილს, განმარტება არ გაუკეთებიათ. "კურიერს" წყარომ უთხრა, რომ ფარულ ჩანაწერს პარტიაში და რეგიონებში მხარდმჭერებეთან მერაბიშვილის დავალებით, ზაზა გოროზია ავრცელებდა.