"მე არ მესმის რატომ აჯაჭვავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი" - ეს კითხვა ბენ ჰოჯესმა თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე დასვა. ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა რეგიონულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, აქცენტი საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე გააკეთა. ბენ ჰოჯესმა მიანიშნა რუსეთის გავლენებზე და ღიად თქვა, რომ საქართველოს მთავრობისგან უფრო მკაფიო საგარეო ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
თბილისში ვიზიტად მყოფ ჰოჯესს სახელისუფლებო გუნდმა კითხვითვე უპასუხა. მმართველ პარტიას აინტერესებს ოკუპაციის პირობებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაედგა.
ამერიკელი გენერლის განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა სხვა საპარლამენტო ჯგუფებში. ნაწილი ჰოჯესის პოზიციას სრულად იზიარებს, ნაწილი მის მოსაზრებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, "ხალხის ძალამ" კი ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის გზავნილში სულ სხვა, პოლიტიკური ინტერესი ამოიკითხა.
ბენ ჰოჯესმა დღეს ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობაც ხელისუფლების მხრიდან უკვე დაანონსებულია. ეს საკითხი მან "ლელოს" ლიდერთანაც განიხილა, ბადრი ჯაფარიძესთან, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთადერთია, ვისაც ამერიკელი გენერალი შეხვდა. ჰოჯესმა შეხვედრის შემდეგ ღიად თქვა, რომ პორტის მშენებლობის პროცესში თავად ფინანსური დაინტერესება არ აქვს, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ ამერიკელი გენერალი კონსორციუმის ლობისტი არ ყოფილა - ამით მან, "ქართული ოცნების" ბრალდებებს უპასუხა.
ბენ ჰოჯესის "ლელოსთან" შეხვედრა, "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი არგუმენტია ისაუბროს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გენერლის სუბიექტურ ინტერესებზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არაა გამორიცხული ჰოჯესს ფინანსური დაინტერესება ჰქონდეს.
ამერიკელი გენერლის განცხადებებს ეხმაურებიან საექსპერტო წრეებში, სადაც ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის პოზიციების გამოხატვას, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის კრიტიკული პოზიციებისგან განსხვავებულია ის დამოკიდებულება, რომელიც ამჟამინდელ ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის მიმართ გააჩნია. 1 თვის წინ აშშ ევროპული სარდლობის მეთაური კრისტოფერ კავოლი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთსაც შეხვდნენ, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობაზეც.