ურთიერთბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე - პარტიის ერთი ნაწილი არ მალავს, რომ ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს - ვანო მერაბიშვილის ხელწერა და მისი ფავორიტის პარტიის თავმჯდომარედ გაყვანის მცდელობაა. ასევე, პარტიაში ამბობენ, რომ ადამიანი, რომელმაც ჩანაწერი გამოაქვეყნა, თავმჯდომარეობის კონკრეტულ კანდიდატებთანაა ასოცირებული.
ვინ შეიძლება იდგეს ამ ჩანაწერის უკან? თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე ამას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ პარტიის მენეჯმეტი ენმ-ში ცვლილებებით დაინტერესებული არ არის.
"ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებში რომელმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, ვის უკეთესი კამპანია აქვს, ვის უკეთესი პროგრამა აქვს, ვის აქვს უკეთესი ხედვა მიშას გათავისუფლების პროცესთან დაკავშირებით, ახლა გვიწევს საუბარი ამ ჩანაწერებზე, რაც, ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს, რომ ეს შემოგდებულია იმისთვის, რომ პარტიაში მივიღოთ დაძაბულობა.
არსებული მენეჯმენტი, შესაძლოა, დაინტერესებული იყოს, და არის დაინტერესებული, რომ ცვლილებები არ მოხდეს პარტიაში. ასე თითს ვერავის დაადებ, ვის რა განზრახვა აქვს კონკრეტულად," - ამბობს მუმლაძე
"არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც ბოლო 1 თვის განმავლობაში მოასმენინეს ეს ჩანაწერი. ადამიანი, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ფარული ჩანაწერები, არის ასოცირებული კონკრეტულ კანდიდატებთან, არის მათი მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ გააკეთონ ზოგადი განცხადებები კანდიდატებმა, კონკრეტულად უნდა კითხონ ამ ჩანაწერების გამომქვეყნებელს, საიდან აქვს ეს ჩანაწერები," - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.