"ხალხის ძალის" განცხადებას სააკაშვილის ლობისტების გააქტიურების შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმიანებიან. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველა ადამიანს, რომელიც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, ლობისტებად მიიჩნევს, რაც, მისი შეფასებით, არასწორია :
"ყველა ის ადამიანი, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ და ეს, ხშირ შემთხვევაში, არის სწორედ მეგობრული რჩევები და გულისტკივილი, პირდაპირ აწებებენ ლობისტების კლიშეს, იმიტომ თავის ამომრჩეველთან ჰქონდეთ სათქმელი, რომ ჩვენი მეგობრები, ობიექტური ხალხი კი არ გვაკრიტიკებს, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, არამედ "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ლობისტები," - განაცხადა ნადირაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ დასავლელი ლიდერების ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" თავზე შავი ღრუბელი იყრება"
"მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ერთ-ერთი საკითხი, "ქართული ოცნების" თავზე დასავლური ბევრი ინსტიტუტის კრიტიკა ნიშნავს, რომ იზოლაციაში მოექცევა უფრო მეტად "ქართული ოცნება", სამწუხაროდ, ეს საქართველოსთვის კარგი არ არის," - თქვა მანჯგალაძემ.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ბევრი საერთაშორისო რეაქცია დაკავშირებულია უკრაინაში ცალკეული პირების პოზიციებთან :
ბევრი საერთაშორისო რეაქცია დაკავშირებულია უკრაინაში ცალკეული პირების პოზიციებთან, რომლების გამხმოვანებელი იყო დიპლომატი კასიანოვი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი გადის დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებიდან და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან ეს საბოლოოდ, შეიძლება, მასვე ცუდად შემოუტრიალდეს და შეუძლია, ამის შესახებ თავის ყოფილ უფროსსაც დაელაპარაკოს, ისიც ეტყვის რაღაცებს.
ძალიან ცუდია, რომ ეს მართული კამპანია საქართველოში არამარტო სასამართლოზე ახდენს ზეწოლას, ასევე, ძალიან ცუდია ის, რომ ეს ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, როდესაც ტრიალებს სრულიად გაუგებარი კამპანია, რომ ვიღაცის მიზანმიმართული წვალება ხდება ციხეში," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.