14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
აგვისტოს ომის შედეგებით, რომელ პროვოკაციასაც აჰყვა სააკაშვილის მთავრობა, რუსეთმა სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია, აგერ დედამისიც ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა რუსეთთან არის შესათანხმებელიო-ბექა დავითულიანი

რა შეფასება შეიძლება გავაკეთო, „კაგებეს“ ჯარგამოვლილ, კიევში მაშინდელი დროის ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ადამიანზე, რომლის ბიძაც „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო მთელი ცხოვრება, მფარველობდა მას და რომლის დედაც ამბობს, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერზე.

"არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას წინ უძღვოდა იგორ ივანოვის ვიზიტი და ეს ყველაფერი ემთხვევა. ფაქტობრივად გამოდის, რომ აგვისტოს ომის შედეგებით, რომელ პროვოკაციასაც აჰყვა მისი მთავრობა, გადაცემული სტრატეგიული ობიექტებით, ყველაფრით საბოლოო ჯამში, რაც შედგა მისი მოღვაწეობის შედეგად ხელისუფლებაში, რუსეთს არაფერი არ დაშავებია და სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია, აგერ დედამისი ამბობს, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელიო. ეს ჩანაწერი თუ ავთენტურია, მაშინ თავად აფასებენ თავის თავს", – განაცხადა დავითულიანმა.

"რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურბაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს "პარტიზანებს" უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. "რუსთავი 2-ის" ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები