უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, არამეგობრული შინაარსის განცხადებები ისმის. ისინი ამ შეფასებებს უკავშირებენ გარკვეული ჯგუფების სურვილს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
პოდოლიაკის განცხადება შეაფასეს "ხალხის ძალაშიც". დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პოდოლიაკის განცხადებები არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.
"მას არ აქვს ამისი არც მორალური უფლება და ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არც მხოლოდ პოდოლიაკის განცხადებით შემოიფარგლება ის მცდელობა, რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც მეორე ფრონტის ლოკაციად, წარმოჩენას. სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, შესაძლოა, რუსეთთან ბრძოლის ველზე მიღებულიც კი იყოს გადაწყვეტილება, რომ ჯობია საქართველოშიც იყოს მეორე ფრონტი, მაგრამ საქართველო გამოდის თავისი ინტერესებიდან. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება ვინმესთვის იყოს სასარგებლო, მაგრამ საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. პარალელურად, მიმდინარეობს ხელისუფლებასთან ბრძოლა, ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს ასე ერთპიროვნულად არ ასრულებს, არ ერთვება ომში და ითვალისწინებს საკუთარ ინტერესებს," - განაცხადა პოდოკიაკმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა, "სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია." მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან “ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.პოდოლიაკის თქმით, საქართველოში უცნაური ვითარებაა შექმნილი - მთავრობა რუსულ ფასეულობებს უჭერს მხარს, რომელიც “სხვის ტერიტორიაზე, მათ შორის თქვენსაზე მისვლას” გულისხმობს, მაგრამ, ამავდროულად, ევროპულ ბაზრებსა და ფულზე წვდომის მოპოვება სურს.