14 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩმა" საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თავმოყრილია საქართველოში 2021-2022 წლებში მიწურულს მომხდარი ფაქტები

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩმა" საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში თავმოყრილია საქართველოში 2022 წელსა და 2021 წლის მიწურულს მომხდარი ფაქტები. საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა, ბევრი სწორედ ადამიანის უფლებებს უკავშირდება. მედიის თავისუფლების ნაწილში საუბარია ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე.

""ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიში არის ძალიან მძიმე. უმცირესობის უფლებების დარღვევა, ქალებზე ძალადობა, სააკაშვილის და გვარამიას საქმეც, მედიის თავისუფლება, მაგრამ ძირითადად რაც არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში, არის მედიის თავისუფლების ხარისხი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბევრად უფრო პრობლემური საკითხები არსებობს ქვეყანაში, ვიდრე ყველა პრობლემის სააკაშვილამდე მიყვანა.

"ბევრად უფრო მეტად პრობლემური საკითხები გვაქვს გნებავთ მართლმსაჯულების საკითხში, გნებავთ უფლებათა საკითხში, ვიდრე ყველანაირი პრობლემის მიხეილ სააკაშვილამდე მიყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რომც არ დადგინდეს უფლებათა შელახვის ფაქტები და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ამიტომ, რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, მათ უფრო სიზუსტე მოეთხოვებათ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ანგარიშის მიხედვით, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხში საქართველო დანარჩენ ქვეყნებს წინ უსწრებს.

"ფაქტი არის ერთი, რომ დღეს საქართველოში არის კრიტერიუმები, რითაც ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიის განვითარება შევაფასოთ. პოზიტიურად ვითარდება და სულ უფრო მეტი გარანტიები იქმნება, მათ შორის სამართლებრივი, იქნება ეს კანონშემოქმედებით ნაწილში თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს და ძალიან ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო ანგარიშსა თუ ასევე ექსპერტის მოსაზრებებში სწორედ აღნიშნული არის, თუნდაც 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო წინ უსწრებს დანარჩენ ქვეყნებს, რაც ნამდვილად დამსახურებულად და სამართლიანად არის ასე. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი წინსვლა და პროგრესი გვექნება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები