საპროკურორო საბჭომ, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი, ერთხმად აირჩია.
სხდომას საპროკურორო საბჭოს 15 წევრი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრით, კანდიდატმა 15 ხმით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
შოთა ტყეშელაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობა ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად გარკვეული პასუხისმგებლობა და გამოწვევაც. ყველამ კარგად ვიცით რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა პროკურატურის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებაში. შესაბამისად გპირდებით, რომ თქვენთან ერთად, იგივე ენთუზიაზმით მივიღებ მონაწილეობას საპროკურორო საბჭოს საქმიანობის განხორციელებაში“ - განაცხადა შოთა ტყეშელაშვილმა.
"პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო 15 წევრისაგან შედგება.
საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებია: კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ; 6 თვეში ერთხელ, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადების და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; წარდგენილ ანგარიშში გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრის, პროკურატურის საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელის შემწყობი რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის თანამშრომელთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით და დებულებით, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო.