14 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
საქართველო-სომხეთს შორის საზღვრის კვეთა მარტივდება - ორი ქვეყნის მოქალაქეებს მალე მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ

საქართველო-სომხეთს შორის საზღვრის კვეთა მარტივდება. ორი ქვეყნის მოქალაქეებს მალე მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ. ქვეყნებს შორის გამარტივებული გადაადგილების შეთანხმებას ხელი ერევანში ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს.

სომხეთში დღეს მთავრობათაშორის მე-12 ეკონომიკური სხდომა გაიმართა. ითქვა ისიც, რომ საქართველოსთვის რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი სომხეთია, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა 70%-ით არის გაზრდილი.

საქართველოსა და სომხეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 1993 წლიდან მოქმედებს, თუმცა ამჯერად მეზობლებს საზღვრის გადაკვეთა პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეეძლებათ.

ორივე ქვეყნისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონში მშვიდობაა. თბილისი კვალავაც მზად არის ბაქოსა და ერევანს შორის შუამავლის როლი იკისროს და ორივე ქვეყანას მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბებას თავაზობს. 

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დილით დაიწყო. ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ელჩი საქართველოში და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დახვდნენ.

დღის ამბები