"თუ ვინ იქნება ამ სიაში, ეს უპირველეს ყოვლისა არის გადასაწყვეტი იმ გუნდის, რომელიც ადვოკატირებას უწევს მიხეილ სააკაშვილს. უდიდესი ალბათობით ეს ადამიანები შერჩეულნი იქნებიან იმ მუხლით თუ ვინ დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ვისზე არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები. ამ თვალსაზრისით, ეს არის წმინდა სამართლებრივი ტიპის აქტი, რომელსაც შემდგომ ცხადია მოჰყვება პოლიტიკური შეფასებები," - აცხადებს წიკლაური.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ დამატებითი საბაბი იყოს, რათა ამ თემაზე საუბარი მეტ ხანს გაგრძელდეს, "სააკაშვილის სიის" შედგენას სხვა საბაბი არ გააჩნია.
"მე მგონი ეს სუფთა პიარსვლა არის, არაფერ შუაში არ არის რეალურ საქმესთან და თვითონ ბრალდებულმაც თქვა რომ ჯერ გამოძიება უნდა იყოს რომ კონკრეტულად დადგინდეს ვინ რა გააკეთა, არაფერ მსგავსის ჯერ მცდელობაც არ არის და გარდა იმისა რომ რაღაც დამატებითი საინფორმაციო საბაბი იყოს რომ ამ თემაზე კიდევ მეტი ილაპარაკონ, ამ აქტივობას სხვა შინაარსი არ გააჩნია," - აღნიშნა რაქვიაშვილმა.