"ბინძური ნაბიჯები და დაშინების მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენას. "ქართული ოცნების" თქმით, სია საზოგადოებამ უნდა შეადგინოს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ე.წ. სააკაშვილის სიის შექმნის ინიციატორები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან.
"ყველა ბინძურ ზომაზე და ნაბიჯზე მიდიან იმისათვის, რათა როგორმე იქნებ სააკაშვილი დაიხსნან. აქ აშინებენ, ეს არის ზეწოლა მოსამართლეზე, ექთანზე, ექიმზე. გარდა ამისა, არსებობს სია, რომელიც მათ არაერთხელ უკვე გამოაქვეყნეს და რომელიც აღმოჩენილია კიდევაც, თუ ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ უნდა დახვრიტონ და საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან," - აცხადებს ვოლსკი.
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხდება ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენა, მასში პირველ რიგში ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები უნდა შეიყვანონ, სააკაშვილთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.
"თუ მათ სურთ რომ შეიყვანონ ადამიანები იმ სიაში, ვინც დავუშვათ სააკაშვილის წინაშე მათი აზრით იბრძვის, ეს ალბათ პირველ რიგში არიან ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც ჩაწერეს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომ გამაოგნებელია მათთვის სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა შტოების კოორდინაცია აი ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მაგრები არიან და თუ მაგნიტსკის სიაზე მუშაობენ - შეიყვანონ, იმიტომ რომ იმათი გადაწყვეტილებაც არის," - თქვა მაჭარაშვილმა.