უკრაინამ უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან მოითხოვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.
კიევის წარმომადგენლებმა მიზეზად ის ასობით დანაშაული დაასახელეს, რომელსაც რუსები უკრაინაში ჩადიან.
საკუთარი თავი ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველომ - ოფიციალური თბილისის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები უხეშად ირღვევა.
"სამწუხაროდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან 78 წლის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, საზღვრების სიცოცხლისუნარიანობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, კვლავ უხეშად ირღვევა. შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მინდა აღვნიშნო ჩემი ქვეყნის მაგალითი, სადაც საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ არიან და მისი მაცხოვრებლები კვლავ აწყდებიან ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სახის დარღვევასა და დისკრიმინაციას. ბატონო პრეზიდენტო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტშიც გრძელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სერიოზული უგულებელყოფა. იმის გამო, რომ საქართველო უმკაცრესად გმობს, ღრმად შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომელთა დაცვის ვალდებულება ყველას გვაკისრია, არაერთხელ ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მშვიდობის ხელშეწყობა და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2022 წლის 16 მარტის დროებით ნაკსირი ზომები, დაუყოვნებლივ შეაჩეროს აგრესია, გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან," - აცხადებს ბაქრაძე.