უკრაინამ მოითხოვა ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა - განცხადება "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გააკეთა.
"ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხვდა ბელარუსი რუსეთთან ერთად ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტში არის ის, რომ თავად უკრაინამ მოითხოვა, მინსკი ამ სიაში არ შეეყვანათ," - დაწერა იოზვიაკმა Twitter-ზე. ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი უარყოფს.
თემაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა თბილისშიც. უმრავლესობის წევრები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სუბიექტურ მიდგომებზე საუბრობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ უკრაინას სანქცირებულთა სიაში ბევრი ბელარუსი ჰყავს შეყვანილი, ვინც იქ მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს.
"ყველაფერს თავისი მიზეზი ექნება, თუ ეს ასეა. რაც შეეხება თვითონ უკრაინის პოზიციას იმ ადამიანების მიმართ, თქვენ იცით რომ სანქციებში შეყვანილია ძალიან ბევრი ადამიანი ვინც დღეს მოღვაწეობს ბელარუსში და ვინც ყველანაირი ფორმით ემხრობა იმ ტერორისტულ კამპანიას, რაც ხორციელდება უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეყვანილნი არიან სანქციებში," - აცხადებს დოლიძე.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს უკრაინის ხელისუფლების საქართველოსადმი არასამართლიანი დამოკიდებულების დასამტკიცებლად.
"იმდენად ბევრი მტკიცებულებები არსებობს უკვე უკრაინის ხელისუფლების განცხადებების და ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანების ფაქტების და ასევე სუბიექტური მიდგომების სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომ აი აქედან გამომდინარე არის დამაჯერებელი ეს, რომ ბელარუსი რატომ უნდა უნდოდეს რომ არ დასანქცირდეს და არ შევიდეს სიაში, ჩვენ ვხედავთ სუბიექტურ მიდგომებს," - ამბობს მაჭარაშვილი.